02 მაისი 2024,   23:02
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩევა ძალადობით.

ეს განცხადება მან პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც, შს მინისტრის მოსმენის დროს, რამდენიმე ინციდენტი და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. 

"ახლაც ვნახეთ ჩვენ ქალბატონი თინა ბოკუჩავას საქციელი. სიტყვიერად ძალადობენ, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი. თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ ეს ადამიანები. ვხედავთ მათ ქცევას, მათ ზიზღს.

მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ეს მაუზერები ჰქონდათ, იყვნენ ამით შეიარაღებულები და რასაც აკეთებდნენ, ახსოვს ყველას. თვალს არ ახამხამებდნენ, ისე უსწორდებოდნენ ადამიანებს ქუჩაში თუ საპატიმროში, ისე რიყავდნენ ადამიანებს, ისე თიშავდნენ ყველაფრისგან, რასაც კი საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქვია. დღეს ოპოზიციაში არიან ეს მაუზერები, ხელში ვეღარ უჭირავთ, მაგრამ შენახული აქვთ თაროებზე.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, იმ თავის ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და დაერევიან საზოგადოებას. რაც ჩვენ ვნახეთ ახლა, ქალბატონი თინა ბოკუჩავას საქციელი, რასაც ჩვენ გუშინ ვისმენდით თუ გუშინწინ იყო, ქალბატონი ანა ნაცვლიშვილისგან, ის ზიზღი, რომელიც ტრიბუნიდან გადმოეფრქვეოდა, მართლაც რომ ხელში სჭეროდა იარაღი, მე მგონი დაახლიდა აქ ყველას შუბლში. შეუძლებელია უბრალოდ, აი, ეს აგრესია, რომელიც მათი მხრიდან მოედინება, ადამიანის ზიზღი უბრალოდ, ყველაფერი, რაც კი საერთოდ ადამიანთან არის დაკავშირებული.

უნარი რომ არ აქვთ მოისმინონ პასუხები, ესეც აჩვენებს, მოვლენ, ბოღმას დაანთხევენ, მერე გადიან დარბაზიდან და ამ თავისი ბოღმით დატვირთულები, უკვე სხვებზე ავრცელებენ ამ ბოღმას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც გვაქვს და სამწუხაროა, რომ ასეთ ხალხს კიდევ აქვთ პრეტენზიები რაიმეზე ისაუბრონ,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

დღის ამბები