04 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ და დღესაც არსებობენ - გიორგი ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს ნაწილში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტ პატიმრებს ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს ეხება, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ნიკა გვარამიას პოლიტ პატიმრად მოხსენიება მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გვარამიას საქმეზე სპეკულაციები სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა, რომელმაც მისი საქმე განსახილველადაც კი არ მიიღო.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველოში პოლიტ პატიმრები იყვნენ და დღესაც არსებობენ.

"სტრასბურგმა უბრალოდ არ იმსჯელა ამ საკითხებთან დაკავშირებით. იურისტებმა დაუშვეს შეცდომა თუ არასწორად იყო წარდგენილი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სტრასბურგში არ ყოფილა. საერთოდ არ მიიღო წარმოებაში და წარმოებაში არ მიღების საფუძველი, როგორც წესი არის არასწორად შედგენილი სარჩელი. ერთი რამ ვიცი, საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ, დღესაც არსებობენ და მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, გვარამია ერთადერთი პატიმარი იყო, რომელიც ამ მუხლით იჯდა ციხეში, რაც მისი საკითხის ავტომატურად პოლიტიზებას ნიშნავს.

"მე მგონი, სარჩელი რომ ვერ დაწერა გვარამიამ და მისმა ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვარამია, რომელიც ციხეში იჯდა და ერთადერთი იჯდა ამ მუხლით - ავტომატურად ნიშნავს მისი საკითხის პოლიტიკურობას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები