03 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა არაერთი სიცრუე - მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტრასბურგი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ერთმანეთს სცდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აბსოლუტურად განსხვავებულ, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერენ და შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეალობა ემთხვევა სტრასბურგის გადაწყვეტილებას.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა არაერთი სიცრუე, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვისა და რაღაც გადახვეული დიპლომატიური საუბრის გარეშე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცრუე, რომელიც ამხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ჩვენ ხომ ისედაც ვიცოდით. სტრასბურგსაც რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო დეპარტამენტსაც რომ თავი დავანებოთ, ფაბულა ხომ ვიცოდით გვარამიას საქმის. ადამიანმა მიითვისა, გაფლანგა ის, რაც უნდა შესულიყო მაშინდელ "რუსთავი 2"-ში, წავიდა მათ ჯიბეებში თუ მათ მეგობრებში და მათ პირად საკუთრებაში", - აღნიშნა მან.

მამუკა მდინარაძის თქმითვე, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მითითებაა წყაროზე, მაშინ, გასაგებია.

"არ წამიკითხავს ანგარიში, ამონარიდები ვნახე მხოლოდ, თუ წყაროზე მითითებაა, გასაგებია, მაგრამ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ იმ დაკვეთას, რომ საქართველოში უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. არ არიან ამ საქართველოში პოლიტპატიმრები. ხომ ხედავთ, უზრუნველყვეს ისიც კი, რომ ეს ხომ საქართველოს მტრობა იყო, ქართული ენჯეო ორგანიზაციების ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო, ვინ მოიფიქრებდა და ვინ იკადრებდა იმის თქმას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, კვდება და უნდა გავათავისუფლოთ. დემარში იყო, აღმოჩნდა ტყუილი. გვარამია მოიხსენიეს პოლიტპატიმრად, აღმოჩნდა ესეც ტყუილი, ოღონდ ეს სტრასბურგმა დაამტკიცა და სააკაშვილი რომ არ კვდებოდა და პოლიტპატიმარი არ არის, ამას ამტკიცებს ჯერ ერთი რეალობა და მერე მეორე, რომ ის ადამიანია ცოცხალია და აგერ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს პოლიტიკაში უნდათ ჩართვა. ანუ სტრასბურგი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სცდება. აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერენ და შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეალობა ემთხვევა სტრასბურგის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ნიკა გვარამია ნახსენებია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. დოკუმენტში წერია, რომ "იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ზღუდავდა საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების განხილვისას". მაგალითად, დასახელებულია ნიკა გვარამია, წყაროდ კი მითითებულია არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, რომელიც მაშინ ნინო ლომჯარია იყო.

იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ვერცერთი გადაცდომა ვერ დაინახა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმრების სათავეში მოხვდა.

დღის ამბები