03 მაისი 2024,   19:18
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

წინა წლების განმავლობაში, ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, "სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში" და არ შეიძლება, მაგალითად, რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს.

"თქვენ გახსოვთ სამი რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილსა და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი აღარ აქვს საზოგადოების თვალში ევროპარლამენტის რეზოლუციებს. სამწუხაროდ, სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოო ჯამში, ახერხებენ საკუთარი რეზოლუციების გატანას. ეს არის უკიდურესად არაევროპული მოვლენა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ასეთი ტიპის პრობლემებს, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, სახეზეა. ჩემთვის აქვს ფასი სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს. როდესაც ვხედავთ სიცრუეს, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ქართველი თუ უცხოელი, სიცრუე არის სიცრუე. შესაბამისად, ერთადერთი რასაც აქვს ჩვენთვის ფასი ეს არის სიმართლე, ეს არის ფაქტები, არგუმენტები. როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება. "დებიძინიზაციაზე" როდესაც საუბრობენ, რა თქმა უნდა, ამასაც ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე, რასა რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება, ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდეს ევროკავშირს.

ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება. პირდაპირ შეიძლება ითქვას ამისთვისაც არის გამჭვირვალობა საჭირო. რაც მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები, გათავხედებული არიან სწორედ იმის გამო, რომ არის სიცრუის ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის, სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით,"- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები