03 მაისი 2024,   23:31
ვრცლად
სად დგას ხალხი? - "ქართული ოცნება" 29 აპრილს, პარლამენტთან, ათასობით მომხრეს ელოდება

სახელისუფლებო ძალაში ირწმუნებიან, რომ ოპონენტები მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ. მმართველ პარტიაში, მომავალ ორშაბათს, პარლამენტის წინ, ათასობით მომხრეს, მათ შორის, საჯარო მოხელეებსაც ელოდებიან.

მასშტაბური აქციისთვის მმართველ პარტიას დროც და ადგილიც შერჩეული აქვს. "ოცნების" მომხრეები, რუსთაველზე შეკრებას 29 აპრილს საღამოს, 18:00 საათიდან დაიწყებენ. 20:00 საათზე ოფიციალური ნაწილი გაიხსნება. პარლამენტის წინ გამართულ შეკრებას დაესწრება ბიძინა ივანიშვილიც.

აქციის გამართვის მიზანთან დაკავშირებით აქვთ კითხვები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ, ამ ფორმით, სახელისუფლებო პარტია მოსახლეობაში დაპირისპირებას შეუწყობს ხელს. ოპოზიცია "ოცნების" მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კლებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი ძალა აქციაზე ძირითადად საჯარო მოხელეებს გამოიყვანს.

"ნაციონალური მოძრაობის" და მისი პოლიტიკური პარტნიორების პოზიციას სხვა პარტიებიც იზიარებენ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 29 აპრილის აქციამ შესაძლოა ოპოზიციის მხარდამჭერების სამომავლო შეკრებებზე მოახდინოს გავლენა.

ოპოზიციის განცხადებები უმრავლესობისთვის მათი ოპონენტების სისუსტეზე მიანიშნებს. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რატომ გახდა მასშტაბური შეკრების ორგანიზება საჭირო.

29 აპრილის აქციაზე და ოპონენტების შეფასებებზე დღეს პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხალხის სახელით, პოლიტიკურად გაკოტრებული ძალები საუბრობენ.

"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული შეკრება პარლამენტის წინ ორშაბათს გაიმართება.

დღის ამბები