04 მაისი 2024,   09:36
ვრცლად
საქართველოში "უეფას" სტანდარტების 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტაიონი აშენდება

"სტენფორდ ბრიჯი" ლონდონში, "ოლდ ტრაფორდი" მანჩესტერში, "ენფილდი" ლივერპულში და სან სირო მილანში- სწორედ ამ კატეგორიის სტადიონი ექნება უახლოეს მომავალში საქართველოს. ვაზიანში 70 000 მაყურებელზე გათვლილი, "უეფას" ყველაზე მაღალი სტანდარტის, მეოთხე კატეგორიის არენა, რამდენიმე წელში აშენდება. ბრიტანული სტილის მოედანი საქართველოს, ყველა პრესტიჟული ტურნირის დახვედრის შესაძლებლობას მისცემს. ქვეყანას 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე, შვეიცარიაში განაცხადი შეაქვს.

საფეხბურთო და სარაგბო მატჩებისთვის განკუთვნილი, ახალი ეროვნული სტადიონი ბრიტანულ სტილში აშენდება, რაც ნიშნავს, რომ მოედანსა და მაყურებელს შორის ბარიერი, ანუ სარბენი ბილიკები არ იქნება. გულშემატკივარი სპორტსმენებთან ბევრად ახლო კონტაქტს დაამყარებს, ეს თამაშში მეტ ჩართულობასთან ერთად, გუნდსა და ქომაგებს შორის მჭიდრო ემოციურ კავშირსაც უზრუნველყოფს. უეფას სტანდარტების შესაბამისად ახალ სტადიონზე მატჩი ნებისმიერი წერტილიდან კარგად გამოჩნდება. სწორედ ბრიტანული, ანუ არა ოლიმპიური მოედნები ჭარბობს უკვე ევროპის ყველა იმ საფეხბურთო ქვეყანაშიც, სადაც გადამწყვეტი შეხვედრები ყველაზე ხშირად იმართება.

ახალი სტადიონი წამყვანი ევროპული კლუბების არენების მსგავსად, უეფას ყველა კრიტერიუმის დაცვით აშენდება და უმაღლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. რაც საქართველოს, მსოფლიო დონის მოედანზე, ყველაზე მაღალი რანგის ტურნირებისა და მატჩების მასპინძლობის უფლებას მისცემს, მათ შორის, რაგბის ევროპის 6 ერის ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირში

ახალ მეგაპროექტზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ინიციატივა პრემიერ მინისტრმა გუშინ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. პროექტი საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს. მთავრობა კი მის ოფიციალურ პრეზენტაციას ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში გეგმავს. უეფას სტანდარტების ახალ სტადიონსა და ქართული სპორტის გაძლიერების აუცილებლობაზე პრემიერმა მედიასთან დღეს კიდევ ერთხელ,ისაუბრა.

ახალი ეროვნული სტადიონის პროექტზე, რამდენიმე სამინისტრო ერთობლივად იმუშავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს, ამ დროისთვის მშენებლობა დასრულებული იქნება, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ქართველი გულშემატკივარი უმაღლესი რანგის მატჩებს, საკუთარ ქვეყანაში დაესწრება.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები