04 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა - რას აცხადებენ ევროპარლამენტარები და რა პერსპექტივა იკვეთება საქართველოსთვის

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" ქართულ კანონზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.

სხდომა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გახსნა. დღეს განცხადებებისა და შეფასებების დღეა. ამავე კვირას, ევროპარლამენტის რეზოლუციაც უნდა იყოს, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ მწვავე იქნება.

ევროკავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული მედია კონკრეტული პირების მიმართ სანქციების დაწესებას არ ელოდება, თუმცა არის ვარაუდი, რომ შესაძლოა საქართველოს ევროპული დაფინანსება შეუმცირონ.

დაფინანსების საკითხი დებატებზე უკვე ახსენეს. ასევე თქვეს, რომ, კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ახალ ეტაპზე გადასვლა გამორიცხულია.

დღევანდელი დებატებზე, ევროპარლამენტარებმა, საქართველოსთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს:

"მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი. როგორც გასულ წელს მოხდა, ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. თუ მიღებული იქნება, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ქართველებს ევროკავშირში მომავალი აქვთ. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ დეკემბერში მიენიჭა ქვეყანას, ჩვენი ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ჩვენი კარი ღიაა. მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, არ გაუცრუონ მოქალაქეებს მოლოდინები და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა გადამწყვეტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლებიც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვას. მხოლოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროგრესი ამ ფუნდამენტურ სფეროებში განსაზღვრავს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას და საერთო ტემპს. და ბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ხელი შეუწყონ ეროვნულ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის გარშემო. ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის აუცილებელია, შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაფართოება არის წარმატება, როდესაც მთელი ქვეყანა დგას ამ მიზნის უკან. ეს არის ასევე ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს ამ გზაზე გადასვლას,"- აცხადებს ევროკომისარი იანეშ ლენარჩიჩი.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა კი, სიტყვით გამოსვლისას კანონს "მავნე" უწოდა და გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

"შემოთავაზებული კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. თუ ეს კანონი ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით უნდა იქნას მიღებული, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავყინოთ საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ნებისმიერი საშუალება. მეორე, საქართველოსთვის ნებისმიერი მომავალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს პირობებზე დამოკიდებულიო ამ მავნე კანონის გაუქმების შესაბამისად. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს მიშა სააკაშვილი,"- აღნიშნავს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

რაც შეეხება ანა ფოტიგას განცხადებას, მან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ისაუბრა:

"ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. უცხო აგენტების კანონის ხელახალი შემოღებით. ისინი უნდა დაისაჯონ. ჩვენ უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციები, შესაძლოა, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლება," - აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით კი, გამჭვირვალობის კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს:

"კომისარო, ძვირფასო კოლეგებო, ნება მომეცით, ყველას სახელით მივესალმო ამ დარბაზში დამსწრე ნიკა გვარამიას, საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. გმადლობთ, ნიკა, თქვენი თავდადებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის - თქვენი ბრძოლისთვის. კოლეგებო, საქართველოში მმართველი პარტიის არაერთგზის მცდელობა, მიიღოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ, არის მაგალითი იმისა, რომ მისი განზრახვაა გააკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინოს მედიასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მის ვალდებულებასა და პოლიტიკური რეფორმების სულისკვეთებას. თბილად მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება ასეთ ნაბიჯს. სამოქალაქო აქტივისტი იცავს ქვეყნის დასავლურ მომავალს. კოლეგებო, ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გამოიყენონ მიზანმიმართული სანქციები ქართველი პირების მიმართ,"- აცხადებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი.

დღის ამბები