04 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
სათაურშივე კანონს სტიგმატიზაციას უკეთებენ, როდესაც სიტყვა "აგენტს" წერენ - ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერში", "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი სათაურშივე ახდენენ კანონპროექტის სტიგმატიზებას, რადგან იყენებენ სიტყვა "აგენტს", რომელიც ფაქტობრივად იქ არ ფიგურირებს.

ქადაგიშვილის თქმით, როგორც საქართველო და ხელისუფლება არის ღია დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში, ანალოგიურად ღია და ნათელი უნდა იყოს ეს ურთიერთობა მათი მხრიდანაც.

"სათაურშივე კანონს სტიგმატიზაციას უკეთებენ, როდესაც სიტყვა აგენტს წერენ. ეს ტყუილია ჩაწერილი, რადგან ეს სიტყვა ფაქტობრივად არ არის, მაგრამ უწერიათ სპეციალურად, ანუ უკვე იწყებენ ამ პროცესის სტიგმატიზაციას. ჩვენს ქვეყანას თუ შეხედავთ, ნახავთ, რომ აბსოლუტურად დივერსიფიცირებულია მედია სივრცე, პოლიტიკური სპექტრი, დივერსიფიცირებული და თავისუფალია ბიზნესი, რომელიც თავისუფლად აფინანსებს პოლიტიკას, მედიას და ვისაც სურვილი აქვს პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკაში.

ხომ ხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური მიკერძოების ნათელი მაგალითი და ეს მიკერძოებულობა დაიწყო, სულ მცირე, 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ეს ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ, რა გამოიარა საქართველომ.

არის პოლიტიკური მეინსტრიმი, რომელიც გადასალახია საქართველოსთან მიმართებაში. არ ვიცი მათ რა ინტერესი აქვთ, საქართველოს მხრიდან ინტერესი არის ერთი - როგორც საქართველო და ხელისუფლება არის ღია დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში, ანალოგიურად ღია და ნათელი უნდა იყოს ეს ურთიერთობა მათი მხრიდანაც. ამ ურთიერთობაში წყალქვეშა დინება არ უნდა იყოს. არჩევნები უნდა იყოს, ღია და გამჭვირვალე, "ენჯეოს" მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე და სწორედ ამას ვეუბნებით მათ, რომ ეს შეკრული წრე არის გასარღვევი. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ამაზე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები