03 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
რუსეთის სამხედრო აქტიობები ცხინვალში - ექსპერტები ოფიციალურ თბილისს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდებენ

ცხინვალში სულ უფრო აქტიურად ემზადებიან რუსეთში შესვლის რეფერენდუმის ჩასატარებლად. მოსკოვი თავის სამხედრო დასწრებას კავკასიაში ყოველდღიურად ზრდის, მათ შორის ოკუპირებული რეგიონიდან საკუთარ არმიაში ჯარისკაცების დამატებით.

პირველ ეტაპზე კრემლმა ცხინვალიდან 150 სამხედრო მოსამსახურე მიიღო, იგეგმება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის თავდაცვის სხვა შენაერთების ინტეგრირებაც.

ექსპერტები რუსეთის მზარდ სამხედრო ანექსიას ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოსკოვი ამ გზით საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას ცდილობს.

საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში ამბობენ იმასაც, რომ დაცვის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება დასავლეთთან საერთო თავდაცვის ქოლგაში მოქცევაა.

ექსპერტების თქმით, დასავლეთთან ინტეგრაცია მოსკოვისთვის ერთ-ერთი ასეთი კონტრდარტყმაა. თუმცა, მათივე განმარტებით, იმ დროს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები, ოფიციალურმა თბილისმაც უნდა იფიქროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე.

დღის ამბები