06 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები და მეგობრები ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან აქციას მართავენ

შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები და მეგობრები ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან შეიკრიბნენ და აქციას მართავენ. ისინი სამართალადამცველებს პაკელიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დროულად ჩაატაროს და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებიც მათი თქმით, შოთა პაკელიანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში იღებდნენ მონაწილეობას.

შეკრებილები ასევე ითხოვენ, ამ სამართალდამცველებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო შედეგს არ დადებს საქმეზე.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომ განყოფილებაში პაკელიანზე არადამიანური მოპყრობა განხორციელდა.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

დღესვე აქტივისტები ითხოვდნენ, რომ მომხდარიყო შეხვედრა ისანი-სამგორის რაიონის მეშვიდე განყოფილების ხელმძღვანელობასთან, თუმცა მათი ეს მოთხოვნა, სამართალდამცველთა მხრიდან უპასუხოდ დარჩა.

„პაკელიანი უნდა იყოს ბოლო ადამიანი, ვინც ამ არაადამიანებმა აწამეს. მოვითხოვთ სამართალდამცავების დაუყოვნებლივ დასჯას, სამსახურიდან გათავისუფლებას,“ -  აცხადებს შოთა პაკელიანის და, ნინო პაკელიანი.

აქციას შეუერთდნენ თეთრი ხმაურის აქტივისტებიც.

„პირველ რიგში ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, რაც შოთა პაკელიანის თავს გადახდა. მაგრამ, გარდა ამისა, ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან მწამებელი პოლიციელები. მათ აღარ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ იკავებდნენ სამართალდამცველის სტატუსს,“ - აცხადებს ბექა წიქარიშვილი.

ხვალ დაცვის მხარე აპირებს, რომ შოთა პაკელიანი მოინახულოს, რომელიც ამ დროისთვის სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. 

 

დღის ამბები