04 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
"პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს"- ეკა ბესელია

ქართული ოცნების წევრმა, ეკა ბესელიამ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა.

„როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ, როგორც არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ, ან ეს მოწოდება ხდება ისეთივე ფორმალური, როგორც წინასწარ დაანონსებული ვეტოს ფონზე, მოდი დავილაპარაკოთ ხვალ როგორ დავადოთ ვეტო,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა.

„იქნებოდა კარგი ამ გამოსვლაში მოგვესმინა, რომ სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, სასამართლო იყო კრიზისში და გამოვიყვანეთ ამ კრიზისიდან,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის წევრმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ძალიან არათანმიმდევრული იყო თქვენი პოზიცია, როდესაც ჯერ პარლამენტს უთხარით, რომ ერთ თვეში უნდა მიეღო კანონი, შემდეგ უთხარით, რომ ერთი გასაღები შსს-თან უნდა იყოს, მეორე სასამართლოში, შემდეგ გვითხარით, რომ ერთი გასაღები პრემიერთან და ინსპექტორთან უნდა იყოს, ახლა უკვე საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის შენიშვნები იმ სტანდარტებთან, რასაც ჰქვია დაბალანსება მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის,“- აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური პრინციპების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციებს. ასეთივე პატივისცემას იმსახურებს პარლამენტი, რომლის საკანონმდებლო საქმიანობაში შეჭრისა და მისთვის კონტროლის, ან კონკრეტული მითითებების მიცემის უფლება არავის აქვს და შენიშვნები არ უნდა სცილდებოდეს ფარგლებს და არ უნდა ქმნიდეს პირდაპირ ჩარევის საფუძველს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტის პატივისცემა, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანო. დიახ, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და ასევე პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს“, - განაცხადა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები