03 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
კახეთში მსოფლიო ბანკის დაფინანსებული ქვევრის საწარმო დღემდე არ ამუშავებულა

მსოფლიო ბანკის დაფინანსებული 60-მილიონიანი პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებას გულისხმობს, წლის ბოლოს დასრულდება. გამოყოფილი თანხით დაფინანსებული რამდენიმე საწარმო ან არ ფუნქციონირებს, ან რა ხდება ამ საწარმოებში, უცნობია. 

იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო გასული წლის სექტემბერში პომპეზურად გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო-მუზეუმი 5 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტის მიზანი ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება იყო.

პრეზენტაციიდან შვიდი თვე გავიდა, საწარმო-სახელოსნო კი დღემდე არ ამუშავებულა. შენობაში, რომელიც ერთი დარაჯის ამარაა დარჩენილი, რუსთავი2-ს არც შესვლის და არც გადაღების უფლება არ მისცეს.  

მაწვნის სახლიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში ააშენა და მოაწყო. ახმეტის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ მაწვნის სახლი მათ არ ეკუთნით. რესტორანს მთლიანად საპატრიარქო განკარგავს.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებული 60-მილიონიანი პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებას გულისხმობს, წლის ბოლოს დასრულდება. ტურისტული ობიექტების უმეტესობის მოწყობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს ფულით აშენებული ეს ობიექტებიც საჩუქრად ეკლესიას გადაეცეს.

 

ავტორი: მარი როჭიკაშვილი 

დღის ამბები