04 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას მედია ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიცია ავრცელებს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას მედია ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიცია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირებული ხარჯების შეკვეცის ნაცვლად, მაუწყებელზე გრძელდება ახალი შტატების დამატება და კერძო ტელეკომპანიიდან, GDS-დან კადრების დაუსაბუთებლად გადაყვანა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს გახსნილობისკენ მოუწოდებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დამატებით კითხვებს ახალი თანამშრომლების ანაზღაურება იწვევს.

„ვისურვებდი, რომ გენერალური დირექტორი და ზოგადად მენეჯმენტი ბევრად უფრო მკაფიოდ და ნათლად საუბრობდეს, რატომ ხდება ახალი კადრების აყვანა ამ ფორმით და ამ წესით, ვიდრე ჩვენ ვხედავთ დღევანდელ მოცემულობაში. არის ეს თუ არა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და რა ფორმით გამოიხატება, ამას ალბათ, უფრო დრო გვაჩვენებს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის, თქმით, GDS-დან ჟურნალისტები  გადაიყვანეს არა პროფესიონალიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი GDS-ში მუშაობდნენ.

„თუ ჩვენ დავეყრდნობით იმ მედიამონიტორინგებს, რომელსაც ქარტია ატარებდა, იქ ძალიან ცალსახად ჩანს როგორც რიგითი ჟურნალისტების, ასევე იმ პროდიუსერების, რომლებიც გადავიდნენ და იმ წამყვანების მიკერძოება, რასაც ისინი იჩენდნენ მმართველი პარტიისადმი,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა. 

სულხან სალაძის ინფორმაციით, 30 ახალი თანამშრომლის თვიური ხელფასი ჯამში არის 76 ათასი ლარი, მაშინ როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომუშავე 63 ადამიანის თვიური სახელფასო ფონდი 82 ათასი ლარს შეადგენს. ამ კითხვებს არხის ხელმძღვანელობა ოფიციალურად არ გამოხმაურებია. 

დღის ამბები