26 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი საქმის გამოძიება არ მოხდება. სამნიძე კონკრეტულად იმ ფაქტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც გოგაშვილი მილიონიანი ქონების პატრონია. ამის შესახებ განცხადება სამნიძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

სამნიძის თქმით, სუს-ი და სპეცსამსახურები არის პოლიტიკური ჟანდარმერია პოლიტიკოსებისთვის. ისინი არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და არიან დაკავებული პოლიტიკოსებს  კონტროლით.

ხათუნა სამნიძე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმესაც შეეხო და ამბობს, რომ გამოძიებას პროკურატურა განზრახ აჭიანურებს.

„ის კორუფციული ფაქტები რაც გვესმის, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით, მაღალჩინოსნების მხრიდან უცებ გამდიდრებასთან დაკავშირებით, ამაში ახალი არაფერი არ არის. წინა ხელისუფლების დროსაც გვქონდა ასეთი ფაქტები,“ - განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძე ირაკლი სესიაშვილის შვილის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მას „შვილის თემით მანიპულირება სწორ თემად არ მიაჩნია.“

სამნძის თქმით, იოსებ გოგაშვილი არის სუს-ის რეალური ხელმძღვანელია.

„მისი უშუალო ხელმძღვანელობის და ჩართულობის გარეშე, არცერთი თანამშრომელი არ ინიშნება სუს-ში. დღეს ჩვენს ქვეყანაში სისტემასთან გვაქვს პრობლემა. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებამ არ მოინდომა, რომ ეს სისტემა შეცვლილიყო და სუს-ი დღეს დაკავებული ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების  საკითხებით და არა პოლიტიკოსების კონტროლით, რასთანაც გვაქვს საქმე,“ - აცხადებს სამნიძე.

სამნიძემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც 2014 წელს, როდესაც რესპუბლიკური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდა და ამბობს, რომ სუს-ი პირდაპირ იყო ჩარეული ამ პროცესში.

„ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული ამ პროცესში. რესპუბლიკელებს მოგვიწია ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა ამასთან დაკავშირებით. ნინოწმინდის სიის შედგენის დროს, სუს-ი პირდაპირ ჩაერია და თქვა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არ დაამტკიცებდა და არ მისცემდა ამის საშუალებას ქართულ ოცნებას და ის მიაწოდებდა კანდიდატებს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უნდა ჩაეწერათ, როგორც პარტიის წარმომადგენლები, ანუ გაკონტროლებული წევრები,“ - აღნიშნა სამნიძემ.

დღის ამბები