03 მაისი 2024,   20:52
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და რუსული პროპაგანდა - ოპოზიცია ეუთოს ექსპერტებს ხვდება

რუსთავი 2-თან დაკავშირებით არსებული ვითარება და ქვეყანაში რუსული პროპაგანდის საფრთხეები - ეს იქნება მთავარი საკითხები, რომელზეც ოპოზიცია ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის დროს გაამახვილებს ყურადღებას.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სწორედ ეს ორი საკითხია ყველაზე პრობლემური და საფრთხის შემცველი ქვეყნის დემოკრატიისთვის.

„დეტალურად ვაპირებთ, რომ განვიხილოთ რუსთავი 2-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარება და ავუხსნათ მათ თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის რუსთავი 2-ზე ზეწოლის გაგრძელება. ასევე, მე პირადად ვაპირებ, ვისაუბრო პრობლემებზე, რასაც დღეს უქმნის ჩვენს ქვეყანას რუსული პროპაგანდა ქვეყანაში,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველოც.

„აქ ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, იყო რუსთავი 2-ის საკითხი, შესაბამისად, ეს ინფორმაცია იქნება მიწოდებული და ყველაზე მნიშვნელოვანია მათი შეფასებები,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

უთოს ექსპერტებთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობა აქცენტის გაკეთებას მედია ომბუდსმენთან დაკავშირებულ საკითხებზე გეგმავს.

„იქნება ეს კონკრეტულად ომბუდსმენის ინსტიტუტი თუ იქნება სხვა ფორმატი, მაგალითად ხანგრძლივი ექსპერტული ჩართულობა, ეს არის დამოკიდებული იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ამ ორდღიანი შეხვედრების შემდგომ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პირველი შეხვედრა ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარესა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველს დილით სახალხო დამცველთან ექნებათ, აუდიენციაა დაგეგმილი პარლამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ხვალ კი შეხვედრები ჩანიშნულია მთავრობის ადმინისტრაციასა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

დღის ამბები