02 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
პრობლემები კონსტიტუციის ახალ პროექტში - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

ქვეყნის მთავარ პროექტთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ეხება, ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ორგანიზაციაში პრობლემურ საკითხებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით შეთავაზებული მანდატების განაწილების წესი და ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი, ქვეყანაში დემოკრატიულ გარემოს ვერ უზრუნველყოფს.  

„ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგი არის, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ, ის შემოთავაზებული ვარიანტი, რაც უკავშირდება მანდატების განაწილებას, არის უსამართლო და შესაბამისად, ის აუცილებელია, რომ შეიცვალოს. მეორე საკითხი უკავშირდება პრეზიდენტის არჩევის წესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი საქართველოს პირობებში მნიშვნელოვანია გვქონდეს უფრო მეტად დაბალანსებული მართვის სისტემა და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ავირჩიოთ პირდაპირი წესით,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აქცენტს იმ ცვლილებებზეც აკეთებენ, რომელიც მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესს ეხება. მათი თქმით, ასევე პრობლემურ საკითხად რჩება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების წარდგენის წესი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ცვლილებების მიუხედავად, არ იზრდება პარლამენტის კონტროლი ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფინანსებზე.

„როგორც დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ასევე პროექტითაც, პარლამენტი ვერ შეიტანს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს თუ არ იქნება მთავრობის თანხმობა. უკან გადადგმული ნაბიჯი არის პარლამენტის როლი იმ შემთხვევაში, თუკი ხდება მთავრობის შემადგენლობის განახლება,“ - აცხადებს ლიკა საჯაია.

დღის ამბები