06 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა - იოჰანეს ჰანი საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის ინფორმაციით, იოჰანეს ჰანის ვიზიტის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზეც ისაუბრებენ.

“იოჰანეს ჰანის ვიზიტის მთავარი საკითხები იქნება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა. ჩვენ გვექნება ასოცირების ახალი გეგმა და ეკონომიკური მხარდაჭერის პერიოდი. ახლა მნშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმებამ მოქალაქეებისთვის იმუშაოს, მათ მეტი შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები გაუჩნდეთ. ამ ყველაფრის შესახებ იოჰანეს ჰანი ისაუბრებს. ის ასევე მოუსმენს ქართულ მხარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ სამიტამდე,” - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკომისრის ვიზიტი სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი.

„ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით თანამშრომლობის და ამგვარ ვიზიტებს ამ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკომისრის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ ოპოზიციაშიც. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრებისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მომდევნო სტრატეგიულ ფორმატზე.

 „იოჰანეს ჰანის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიწყოს საუბარი იმაზე თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი ევროკავშირთან ურთიერთობაში, რა უნდა იყოს ურთიერთობის სტრატეგიული ფორმატი, ეს არის გაწევრიანების წინა ეტაპი, რას შეიცავს კონკრეტულად და ა.შ. ამიტომ, აქტიურობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეხვედრისას საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სხვა პოლტიკურ საკითხებზე აპირებენ საუბარს ნაციონალური მოძრაობის წევრები.

დღის ამბები