03 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
სუს-მა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა. უწყებამ შალვა გოგოჭური სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილა. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, შალვა გოგოჭურმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს - მერი მთიულიშვილს, რომელმაც 700 ლარის სანაცვლოდ დაამზადა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის სამი ყალბი ცნობა და მოქალაქეს გადასცა.

2016 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერი მთიულიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

დღის ამბები