28 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს სამტრედიაში გაგრძელდება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს სამტრედიაში გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობა ადგილობრივებს შესატან ცვლილებებზე მიაწვდის ინფორმაციას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ განხილვების დროს გამოიკვეთა შენიშვნები ე.წ. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ მამუკა მდინარაძის თქმით, მანდატების განაწილების წესს საკონსტიტუციო კომისია და პარლამენტი განხილვების შემდეგ კვლავ დაუბრუნდება.

„როდესაც გამოიკვეთა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც ის ტენდენცია, რომ ისინი ბონუსის სისტემას ნაწილობრივ აპროტესტებდნენ, ჩვენ გამოვთქვით მყისიერი მზაობა, რომ თეორიული რისკები გამოირიცხება და ჩვენ საყოველთაო სახალხო განხილვის შემდეგ, ამ თემაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და კვლავ პლებისციტის აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველო.

„აუცილებელია და ეს შეხვედრებიც გვარწმუნებს, რომ მოეწყოს საერთო სახალხო გამოკითხვა,“ - ამბობს სერგო რატიანი.  

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას ფარსს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

„განხილვებმა უკვე მიიღო ძალიან არასერიოზული სახე. თავიდან თუ გეცინებოდა ადამიანს, ზოგი ლექსს ამბობდა, ზოგი ყვიროდა, გართობის ელემენტები იყო, დღეს უკვე სრული ფარსია. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას იმ ილუზიის შექმნის შესაძლებლობა, თითქოს ამ განხილვებით მართლაც ვესაუბრებით ხალხს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

კონსტიტუციის განხილვის მეორე ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრა კიდევ რამდენიმე ქალაქსა და რეგიონშია გაიმართება.

დღის ამბები