04 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ჩვენი ვალდებულებაა, მოვუფრთხილდეთ თავისუფლებას - ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე საუბრობს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 26 მაისი არის დღე, როდესაც აღინიშნება საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.

„საქართველოს მთელი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია და ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოვუფრთხილდეთ თავისუფლებას, ჩვენი ვალდებულებაა ავაშენოთ ძლიერი, დაცული, უსაფრთხო ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი დაფასება იმ ღვაწლის, რომელიც ჩვენს წინაპრებს აქვთ შეტანილი საუკუნეების მანძილზე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა ახალი მემარჯვენეების ლიდერმაც.

„დღევანდელ დღეს ალბათ გვაქვს უფლება დავივიწყოთ ყველაფერი და გვახსოვდეს მხოლოდ ერთ რამ, მისთვის მნიშვნელოვანი ეტაპები, დაწყებული 1918 წლიდან, დღევანდელი დღით და მისი მომავლით. განწყობა ერთმნიშვნელოვნად დადებითია, ერთმნიშვნელოვნად ოპტიმისტურია,“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას ინოვაციების და განვითარების ფონდი. ისინი რუსთაველის გამზირზე საკუთარი სტენდით იყვნენ წარმოდგენილი.

„26 მაისი არის საუკეთესო დღე, ყველას გვიხარია, არც პოლიტიკა გვახსოვს არც არაფრის, ვულოცავთ ერთმანეთს. დღევანდელ დღეს ინოვაციების და განვითარების ფონდს გვაქვს ჩვენი სტენდი. გვაქვს ოფისები ნიუ იორკში, ჩიკაგოში, კიევში და ჩვენ ვეწევით ცოდნის ექსპორტს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები