26 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ღამე მუზეუმში - დღეს, საღამოს 7-დან ღამის 2 საათამდე, საქართველოს მუზეუმების დათვალიერება უფასო იქნება

ღამე მუზეუმში - კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დღეს საღამოს 7-დან ღამის 2 საათამდე საქართველოს მასშტაბით, თითქმის, ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ ეპატიჟება.

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მუშტაიდის ბაღში, დღეს ღამით მისული დამთვალიერებელი გაცოცხლებულ სახელოსნოებს იხილავს. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ სხვადასხვა დეკორაციები და მოძრაობის თეატრის წარმოდგენა.

„წლევანდელი ღამე მუზეუმში მიდის ეგიდით უთქმელი ისტორიები და მუშტაიდზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ვინ იყო მუშტაიდი, რა კავშირში იყო საქართველოსთან და ზოგადად ის არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ მუზეუმის შენობის კედლებში,“ – აცხადებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ირინა კოშორიძე.

მოძრაობის თეატრის მსახიობები ნიკო ფიროსმანის ნახატებიდან წარმოდგენილ გმირებს განასახიერებენ. ღონისძიებას კი კონცერტი დაასრულებს. 

დღის ამბები