02 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია ნატა ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის ქონების საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით ოპოზიცია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს.

„გრძელდება თაღლითობა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით და იმის ნაცვლად, რომ  მიდიოდეს პროცედურები ამ მიწის თბილისელებისთვის დაბრუნებაზე, ეს მიწა ფორმდება სულ უფრო ახალ-ახალ მეპატრონეზე, სწორედ ამიტომ, ამ ახალაღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, აცხადებს, რომ ზვიად ჩოხელმა, რომელიც ქონების მეპატრონე იყო, ოპოზიციის მიერ სასამართლოში შეტანილ საქმეში მესამე მხარედ ჩასმის შემდეგ, მიწა სასწრაფო წესით გაასხვისა.

„ჩანს, რომ ეს ქონება მიჰყიდა თავისი ცოლის მეგობრის მეუღლეს, რომელსაც შეუძლებელია, რომ აღმოჩენოდა ნახევარი მილიონი ასე სასწრაფოდ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ამბობს, რომ ნაზღაიძის საქმის გარიგებებში მმართველი პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული.

„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ პროკურატურა ყურებს არ იბარტყუნებს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი, კი აცხადებს, რომ უმრავლესობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ, გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა.

„ჩვენ დავეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანს და მე არ მესმის, უბრალოდ, რა საჭირო იყო ამ თემით მანიპულირება, როდესაც მართლაც სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს დავეხმარეთ თითოეული ჩვენგანი,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

დღის ამბები