06 მაისი 2024,   15:05
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ევროპარლამენტის შეშფოთება და საგანგებო რეზოლუცია, რომელსაც მომავალ კვირას მიიღებენ

ევროპარლამენტარები უკვე იწყებენ მუშაობას რეზოლუციის პროექტის ტექსტზე, სადაც საუბარი იქნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე. დღეს ევროპარამენტში იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე, რომელმაც პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ამ ინფორმაციას კურიერთან საუბრისას თავად დევიდ მაკკალისტერი ადასტურებს.

„ელჩთან შეხვედრა კონფიდენციალური იყო. ზოგადად ასეთი შეხვედრების საუბრის შინაარსზე არ ვილაპარაკებ, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი განვიხილეთ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა მომდევნო პლენარული სესიის დღის წესრიგში შეეტანათ. ახლა მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა. დოკუმენტის პროექტი ჯერ არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი უახლოეს მომავალში. არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს: სოციალ-დემოკრატებს, ლიბერალებს და მწვანეებს აინტერესებთ რეალურად რა მოხდა,“ - განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.

აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება თანევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომეშიც და აცხადებს, რომ საკითხი საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობის მიმართ კითხვებს ბადებს.

„ევროპარლამენტისთვის ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. დავიწყეთ რეზოლუციის მომზადება და დებატების ჩატარება. რადგან საქმე ეხება ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც საქართველოში გაიტაცეს და სავარაუდოდ, ეს გააკეთეს ქართული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა. ეს მთავრობის მოთხოვნაც კი არ ყოფილა, რაც ისედაც სრულიად უკანონო და მიუღებელი იქნებოდა, უფრო მეტიც, გააკეთეს საქართველოს, ან აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ინიციატივით. ეს უამრავ კითხვას ბადებს საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობის მიმართ. საუკეთესო გამოსავალია გამჭვირვალედ დადგინდეს რეალურად რა მოხდა, საქართველომ უნდა მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ ადამიანის დაბრუნება, რომ გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და რა თქმა უნდა გამტაცებლებიც უნდა დაისაჯონ,"-აცხადებს ანა გომეში.

დღის ამბები