03 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" სასამართლო პროცესი - მეგობრები ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობენ

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესზე გიორგანაშვილის მხარდასაჭერად მისი მეგობრები და კოლეგები მივიდნენ.

ზედმეტსახელად "ბახალა" ხუთი თვის წინ დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და ახლა მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დღეს სასამართლო პროცესზე მოსულები ამტკიცებდნენ, რომ მსახიობს ნარკოტიკები ჩაუდეს და ის პოლიციის უკანონო ქმედებების მსხვერპლია.

საკუთარი უდანაშაულობა გიორგი გიორგანაშვილმა უკვე სასამართლოში უნდა ამტკიცოს. დღეს პროცესზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

დაკავებულმა მსახიობმა დღეს პროცესზე თქვა, რომ აყვანის მომენტში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. საქმეში ოფიციალურად 2 პოლიციელი ფიგურირებს, თუმცა თავად ბრალდებულს ახსოვს, რომ მის აყვანაში გაცილებით მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში ბრალდებულის მიმართ არაერთი დარღვევა ფიქსირდება. ადვოკატების პრეტენზიებს არ იზიარებს ბრალდების მხარე.

"ბახალას" საქმის განხილვას სასამართლო 14 ივლისს ისევ ბრალდები მოწმეების დაკითხვით გააგრძელებს. იმ შემთხევაში თუ დაცვამ გიორგანაშვილის უდანაშაულობაში მოსამართლის დარწმუნება ვერ შეძლო, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მსახიობს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღვეთა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები