26 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
ახალი სანქციები მოსკოვისთვის - ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ

ამერიკის კონგრესში საბოლოოდ გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს ქვედა პალატა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დღეს კონგრესმენთა შეკითხვებს ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი პასუხობდა.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მდივანი ჯეი ჯონსონი ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, რუსეთს კიბერთავდასხმით ამერიკის 2016 წლის არჩევნების ბიულეტენების დათვლასა და შედეგების გამოცხადებაზე გავლენა არ მოუხდენია.

„ყველა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გამაჩნია, არ მსმენია არანაირი მტკიცებულების შესახებ, რომ კიბერთავდასხმების გზით შედეგები შეცვალეს ან რაიმე სახის გავლენა მოახდინეს,“ - განაცხადა ჯეი ჯონსონმა.

თუმცა ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებს ადგილი ჰქონდა და მან ხაზი გაუსვა, რომ ამ თავდასხმების უკან თავად ვლადიმერ პუტინი დგას.

„ახლა მთავარი საკითხი ასე დგას პრეზიდენტისთვისაც და კონგრესისთვისაც, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში დავიცვათ მსგავსი ქმედებებისგან ამერიკელი ხალხი და ჩვენი დემოკრატია,“ - ამბობს ჯეი ჯონსონი. 

კონგრესმენი ტეხასის შტატიდან მაიკლ ქონოუეი ამბობს, რომ შემაშფოთებელია, როდესაც მტრულად განწყობილი სახელმწიფო არჩევნებში ერევა.

„შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის შეფასებით, საბედნიეროდ სისტემები, რომლებიც რუსების სამიზნე იყო, არ იყვნენ ჩართული ხმების შეჯამების პროცესში. მაგრამ შემაშფოთებელია, როდესაც ნებისმიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ჩვენს არჩევნებში ერევა,“ - განაცხადა კონგრესმენი ტეხასის შტატიდან მაიკლ ქონოუეიმ.

განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა დაზვერვის კომიტეტის თანათავმჯდომარემ ადამ შიფიმაც.

„არსებობენ ძლიერი მტრები, რომლებსაც სურთ ლიბერალური დემოკრატიის და ამერიკის, როგორც ლიდერი ქვეყნის ფუნქციის განადგურება,“ - აღნიშნა შიფმა.

დღის ამბები