04 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
"თბილისს სჭირდება კონსტრუქციული ადამიანი, როგორიც არის ზალიკო" - ცნობილი სახეები "ენმ"-ის მერობის კანდიდატს აფასებენ

თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცნობილია. დღეს პარტიამ მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი ნიკა მელია დაასახელა. კანდიდატების წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.

წარდგენას მათი მხარდამჭერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, ზაალ უდუმაშვილი ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც თბილისის მერს უნდა ჰქონდეს.  

„წლების მანძილზე მე ამ ადამიანს ვუსმენდი ტელეეკრანიდან და მჯეროდა მისი, მჯეროდა ყველა იმ ინფორმაციის, რომელსაც ის მაწვდიდა. დღესაც რასაც, მე ის მპირდება, მე ამის მჯერა,“ - განაცხადა ქეთუსია იგნატოვამ.

კანდიდატის წარდგენაზე სტუმრებს შორის იმყოფებოდა კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძეც.

„ყველას უყვარს, იმიტომ, რომ უყვართ ის თავისი ქცევით, თავისი თავდაჭერილობით, ყველანაირი პიროვნული თვისებებით. ზალიკო ნამდვილად ღირსია ყველაფერი კარგის. ყველანაირ თანამდებობას მოერევა ის,“ - აცხადებს მაცაცო სებისკვერაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კი ამბობს, რომ ზაალ უდუმაშვილი არის ადამიანი, რომელიც თბილისელების პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

„თბილისს ახლა სჭირდება კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი ადამიანი, როგორიც არის ზალიკო, რომელსაც აქვს მიზანი და რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რომ იმ ვითარებაში, იმ კრიზისში, რომელშიც ახლა ვართ, გადავლახოთ და მივიდეთ სამშვიდობოს,“ - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედაც იმყოფებოდა. გიული ალასანიას განცხადებით, ზაალ უდუმაშვილი ისეთივე წარმატებული მერი იქნება, როგორი წარმატებულიც ტელეწამყვანობისას იყო.

თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენას რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები