04 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტის უკან გაწვევა - უმრავლესობას ოპოზიცია რეგლამენტით მანიპულირების მცდელობის გამო აკრიტიკებს

„ქართულ ოცნებაში“ ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან გაწვევას შეუძლებელად მიიჩნევენ და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის, ჯანი ბუკიკიოს, ღია კრიტიკაზე გადადიან. ჯანი ბუკიკიოს კრიტიკაზე მმართველი გუნდი მას შემდეგ გადავიდა, რაც ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებების მისეულ პროექტზე თანხმობა ვერ მიიღო.

პრემიერის პირობის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ორი მოსმენით მიღებული ცვლილებები უკან გაიწვიოს. უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ ეს რეგლამენტით შეუძლებელია.

უმრავლესობის ამ არგუმენტს ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ამტკიცებენ, რომ მმართველმა გუნდმა ჯანი ბუკიკიო კონსტიტუციის ცვლილებების საკუთარ ვერსიაზე ვერ დაითანხმა და ახლა მანიპულირებას რეგლამენტით აპირებს.

საქართველოდან წასვლამდე ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა. მესამე სექტორისგან მან კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ კონსტიტუციის ცვლილებების ეს პროექტი მათთვისაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჯანი ბუკიკიომ საქართველო უკვე დატოვა. ვენეციის კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისა და კონსენსუსისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები