04 მაისი 2024,   16:41
ვრცლად
პულტებით მანიპულირება - საპროცედურო კომიტეტში საკითხის შესწავლა უახლოეს მომავალში დაიწყება

კენჭისყრის პულტებით მანიპულირებაში დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები ყველა ბრალდებას უარყოფენ. დღეს კრიტიკას მათ შორის ისინიც პასუხობდნენ, ვინც ხმის მიცემის დროს დარბაზში საერთოდ არ იმყოფებდა.

ორგანულ კანონს მხარი იმ კანონმდებლებმაც დაუჭირეს, რომლებიც გუშინ არც სესიაზე და დიდი ალბათობით არც ქუთაისში ყოფილან. გაირკვა რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა კანონის მხარდასაჭერად მათი პულტები გამოიყენეს. ამ ფორმით მიღებულ კანონს „ევროპული საქართველოს” წევრები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მმართველ გუნდს პულტებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

პარლამენტარმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გუშინდელისგან განსხვავებული კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ბარათით თანაგუნდელებს არ უსარგებლიათ და მან მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრაციის პროცესში მიიღო.

დეპუტატების მიერ სხვისი პულტების გამოყენების ფაქტს ადასტურებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. მამუკა მდინარაძე პირობას დებს, რომ საკითხს საპროცედურო კომიტეტი შეისწავლის. იმ შემთხვევაში, თუ პულტებით მანიპულირების ფაქტი დადასტურდა, დეპუტატებს ფულად ჯარიმას დააკისრებენ.

„ევროპულმა საქართველომ“ ამ საკითხზე რეაგირების მოთხოვნით წერილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტში უკვე შეიტანა. საპროცედურო კომიტეტში საკითხის შესწავლა უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღის ამბები