04 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
ღვთისმშობლის კვართის ხობის ეპარქიაში გადაბრძანება - ზუგდიდის მოსახლეობა ორ ეპარქიას შორის მწვავე დაპირისპირებას არ გამორიცხავს 

ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართის ხობის ეპარქიაში გადაბრძანებას ეწინააღმდეგებიან.

საქმე ეხება ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის მიმართვას, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირი სინოდისგან ღვთისმშობლის კვართის მარიამობის დღესასწაულზე ერთი დღით ხობის ეპარქიაში გადატანას ითხოვს.

მეუფის მიმართვამ ზუგდიდის მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და მათ მკაცრი წინააღმდეგობა გაუწიეს მეუფის ამ განცხადებას.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ წმინდა სინოდმა კვართის ხობში გადატანა არ უნდა დაუშვას. ისინი ამბობენ, რომ თუკი ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის მიმართვაზე საპატრიარქო თანხმობას განაცხადებს, ამას ზუგდიდელების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ორ ეპარქიას შორის მწვავე დაპირისპირება განვითარდეს.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეს თქმით, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საბოლოოდ წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს, თუმცა როდის მოხდება შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით, მეუფე ინფორმაციას არ ფლობს. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ ზუგდიდში შეხვედრაც გაიმართა. ადგილობრივი ეპარქიის რეზიდენციაში შეხვედრა სასულიერო პირებსა და მრევლს შორის შედგა და საუბარი ზუგდიდიდან ხობში ღვთისმშობლის კვართის გადატანას ეხებოდა.

დღის ამბები