04 მაისი 2024,   08:25
ვრცლად
მორიგი ბრალდებები პოლიციის მიმართ - 8 თვის წინ დაკავებული სამი ახალგაზრდის ადვოკატები იარაღის ჩადებაზე საუბრობენ

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ლევან მაზიაშვილის, ლევან გუდიშვილის და გიორგი ქველაძის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები 8 თვეა, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ადვოკატების ინფორმაციით, საქმეზე რამდენიმე თვეა, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, თუმცა პროკურატურამ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ ამოღებული იარაღი ბრალდებულებს ეკუთვნით. დაცვის მხარის მტკიცებით დაკავებულებს მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ უთხრეს, რომ მათი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის პისტოლეტები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ იარაღზე დნმ-ის გადატანას პოლიციელები ხელოვნურადაც ცდილობდნენ, რასაც ბრალდებულთა მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმეში სხვა დარღვევებიცაა. ადვოკატების ცნობით, დაკავების და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაყვანისას პოლიციამ ბრალდებულები სცემა. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულებმა იმ პოლიციელთა გვარებიც დაასახელეს, ვინც მათზე ძალადობდა.

ფიზიკურ ძალადობაზე მაზიაშვილს, გუდიშვილს და ქველაძეს საჩივარი პროკურატურაშიც აქვთ შეტანილი, მაგრამ რეაგირებას ადვოკატები არასაკმარისად აფასებენ.

ახალგაზრდების მიმართ შესაძლო უფლებების დარღვევაზე გამოძიების მიმდინარეობს ადასტურებენ პროკურატურაში.

ბრალდებულები პოლიციელთა მხრიდან მათი დაკავების პირად ინტერესზე საუბრობენ.

დღის ამბები