06 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტი დღეს კიდევ ერთხელ შეცვალეს - ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაზე საუბრობს

თბილისის ბიუჯეტი დღეს კიდევ ერთხელ შეცვალეს. საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

თბილისის მეტროპოლიტენს, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, რემონტისათვის გამოყოფილი თანხა ჩამოაჭრეს, ათიათასობით მგზავრს ყოველდღიურად სარგებლობა ისევ ამორტიზებული სადგურებით მოუწევს.

მერიამ ამ მიზნით ბიუჯეტში თანხა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამოყო, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს საკითხი აქტუალური აღარ არის. მთავრობა ნახევარ მილიონს მეტროს რეაბილიტაციისთვის აღარ დახარჯავს. ამ თანხით საცხოვრებელი კორპუსების შიდა გზების შეკეთებას გეგმავს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ამ ცვლილების განხორციელებას ერთადერთი მიზანი აქვს - თანხები მერიამ იმ მიმართულებით გადაისროლა, სადაც უფრო მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს.

გარდა ამისა, ასი ათასობით ლარი იმ ადამიანების კომპენსაციებზე იხარჯება, რომლებიც დავით ნარმანიამ მისი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტიდან გაათავისუფლა.

ის, რომ მათი გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაში არ მოდიოდა, ეს სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადასტურა, ამიტომ ახლა თბილისის მერს ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გადახადა თბილისელების ფულით მოუწევს. ანაზღაურება დედაქალაქს 900 ათასი ლარი დაუჯდება.

არჩევნების წინ მერიას 13 ივნისის დაზარალებულებიც გაახსენდა. 2-წლიანი ლოდინის შემდეგ, 20-მდე ოჯახი კომპენსაციას მთავრობიდან მხოლოდ ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მიიღებს.

მხოლოდ წელს მთავრობამ 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 10 ჯერ შეცვალა, თუმცა დღემდე დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება დღის წესრიგში არ დამდგარა. 2017 წლის ბიუჯეტი არაერთი ცვლილების შედეგად, დაახლოებით 84 მილიონს შეადგენს.

დღის ამბები