04 მაისი 2024,   16:21
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციების დაწყება შესაძლოა, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს

საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონსულტაციების დაწყება შესაძლოა, პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

პოლიტიკურ კონსულტაციებზე გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი მიწვეული არ არის. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარტიების გარდა, ხელისუფლებამ კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის და პრეზიდენტის წარმომადგენლის ჩართულობითაც უნდა გამართოს.

ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხებად საარჩევნო სისტემა, ბარიერი და პრეზიდენტის არჩევის წესი რჩება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, აცხადებს, რომ კონსულტაციებში პრეზიდენტის ჩართვა აუცილებელია.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი დიდი ლეგიტიმურობით ჩვენთან საჭიროა, როგორც დამაბალანსებელი, ერთი მხრივ. მეორე, პოლიტიკაში ხალხის მონაწილეობის მთავარი გარანტი. ამიტომ, პრეზიდენტი ამაში უნდა იყოს ჩართული, ცხადია,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას პროცესის ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს.

„რაც შეიძლება, მეტი ძალა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სხვა დაინტერესებული მხარე და მხოლოდ ასეა შესაძლებელი ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსვლა,“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი. 

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია, მომავალი კონსულტაციების დროს მისი პარტიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს და პოლიტიკურ პარტიებს პრინციპულობის გამოვლენისკენ მოუწოდებს.  

დღის ამბები