26 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
ციანიდის საქმის განხილვა დასრულებულია - მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

წლის ყველაზე ხმაურიანი საქმის განხილვა დასრულებულია, ციანიდის საქმის მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

დახურულ კარს მიღმა 12-ტომიან ბრალდებას მხოლოდ პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლე და ბრალდებული დეკანოზი ისმენდნენ. 7 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი დღეს ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვამ დაასრულა.

სათათბიროდ გასულმა ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს საპატრიარქოსა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმეზე გადაწყვეტილება და გამოაცხადოს, სჯერა თუ არა სახელმწიფო ბრალდების, რომ მღვდელმა ჟურნალისტის დახმარებით, დაუდგენელი პირისგან ციანიდი იყიდა და ბერლინში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაკლავად გამგზავრება დაგეგმა.

სახელმწიფო ბრალდების რამდენიმეტომიან საქმეში დევს 100 ზე მეტი მოწმის ჩვენება, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, 0,8740-მეათასედი გრამი "ნატრიუმის ციანიდი".

შუშის ქილაში დალუქული მომწამვლელი ნივთიერება, ოფიციალური ინფორმაციით, დეკანოზის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს, თუმცა 2017 წლის 10 თებერვლიდან - დეკანოზის დაკავების დღიდან, ისიც და მისი ადვოკატებიც დღემდე აცხადებენ, რომ მამაოს მომწამვლელი ნივთიერება ბარგში ჩაუდეს.

დახურულ სხდომებს 7 თვის განმავლობაში ესწრებოდა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი უახლოეს დღეებში სპეციალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც მისივე ინფორმაციით, ყველა ის დარღვევა მოხვდება, რომელიც დეკანოზის მიმართ განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი, საპატრიარქოს ქონების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე, 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. გამოძიება კი 8 დღით ადრე - 2 თებერვალს, დაიწყო.

დღის ამბები