26 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
ოპოზიცია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში აღწერილ დარღვევებზე საუბრობს

ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს ეხმიანება. არასამთავრობო ორგანიზაციამ 24 ივლისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი ჩაატარა და დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ანგარიშში ბევრი ხარვეზია დაფიქსირებული და საარჩევნო ადმინისტრაციის არასამართლიან დაკომპლექტებას ხაზს უსვამს.

„ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ იყოს თანაბარი, თანასწორი პირობები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის და ამავდროულად, კომისიებში ჰქონდეთ ისეთი შემადგენლობა, რომელიც მისცემთ შესაძლებლობას, პირდაპირ გააყალბონ არჩევნები,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ ISFED-ის ანგარიში ზუსტად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს.

„აღნიშნულია რამდენიმე ფაქტი, რომლიდანაც სიახლე არის სოციალურ ქსელებში ზეწოლა, აგრეთვე არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ბიუჯეტური სახსრების გამოყენება და მესამე, რაზეც ასევე, გამახვილებულია ყურადღება და რაზეც ჩვენ ვამახვილებდით, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ეს ყველაფერი ქმნის საკმაოდ მძიმე და არათანაბარ ფონს,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილი.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დარღვევებიდან, ყურადღებას საბიუჯეტო სახსრების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე ამახვილებს.

„ამ ხელისუფლებამ ძალიან დახვეწა მეთოდები, ეს არის საბიუჯეტო ხარჯების გამოყენება, სოციალური პროგრამების ბიუჯეტის გაზრდა... საკრებულოში არის მერიიდან ინფორმაცია, ვის რამდენი თანხა გამოეყო. ეს დასტებით ინფორმაციაა, ადამიანის მონაცემები, რასაც დარწმუნებული ვარ, ასევე ძალიან წარმატებით გამოიყენებს კახი კალაძე,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები