26 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
კორტების საქმე - ირაკლი ფირცხალავა პროკურატურისა და მთავარი მოწმის ორმაგ თამაშზე საუბრობს

ყოფილი მაღალჩინოსანი და კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა "კურიერს" ციხიდან უყვება, რომ 30 აგვისტოს მის მეუღლეს  პროკურატურის ოქროს მოწმემ, კობა გოგატიშვილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი და ახლა უკვე პატიმარი ფირცხალავა ამტკიცებს, რომ გოგატიშვილი კორტების საქმეზე პროკურატურის ცრუ მოწმეა და მის მეუღლესაც უთხრა, რომ ცრუ ჩვენება მთავარი პროკურორის მოადგილის ზეწოლის შედეგად მისცა.

ფირცხალავას ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, კორტების საქმის მთავარი მოწმე სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

ირაკლი ფირცხალავას მტკიცებით, კახა გოგატიშვილი ომბუდსმენის წარმომადგენლებს მისი და მთავარი პროკურორის მოადგილის საუბრის ჩანაწერის მიტანასაც დაჰპირდა, სადაც ზეწოლის ფაქტია ასახული, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ ოქროს მოწმე გაუჩინარდა.

გოგატიშვილი ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატების ოფისშიც მივიდა. იურისტები აცხადებენ, რომ პროკურატურის მთავრმა მოწმემ მათ სულ სხვა ისტორია უამბო და თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავას ოჯახი მის მოსყიდვას ცდილობდა, სხვები კი ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

კობა გოგატიშვილის ბრალდებები და მისი მოულოდნელი შეხვედრა ვაზაგაშვილების ადვოკატებთან ირაკლი ფირცხალავას მეუღლის შეფასებით, პროკურატურამ დაგეგმა.

პროკურატურამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ირკვევა, რომ მოწმე გოგოტიშვილმა მსჯავრდებულების ოჯახის წევრების წინააღმდეგ ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურას ჯერ კიდევ 7 თვის წინ მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყება ფირცხალავების და მათი ადვოკატების დაკითხვით მხოლოდ დღეს დაინტერესდა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები