26 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
"საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით" - გიორგი კვირიკაშვილი

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა
საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ასრულებს პირობას, საპარლამენტო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და საქართველოს კონსტიტუციის შეცვლაზე მუშაობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ასევე მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზეც. 

"წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან, წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარედ. ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ - ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით. "ფრეიზერ ინსტიტუტის" მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში.

"ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას, საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია

"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საქმეში, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს.

"საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მიაღწია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას. იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს.

"ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს.

"ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

დღის ამბები