26 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
ხმაური საკრებულოში - დაპირისპირების დროს დაკავებული ამ დრომდე იზოლატორში რჩება

თბილისის საკრებულოში სხდომა დღეს ხმაურით და დაპირისპირებით წარიმართა. ოპოზიცია განსახილველი საკითხებიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხის ამოღებას მოითხოვდა.

დღევანდელი დაპირისპირების დროს ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, თუმცა საბოლოოდ, იზოლატორში ერთი მათგანი მოხვდა. „ენმ“-ს პარტიის წევრს, თამაზ მამედოვს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში ედება ბრალი. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს ენმ“-ს წევრები მივიდნენ. იქ იმყოფება თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილიც.

მამედოვის თანამებრძოლების თქმით, მამედოვი უდანაშაულოა და მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. მამედოვთან ერთად საკრებულოში დააკავეს ადვოკატი, გიორგი ჟამუტაშვილი, თუმცა, მისი სტატუსის გაგების შემდეგ გაათავისუფლეს. მან ასევე, აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატის წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის მითითებას პოლიციელები დაემორჩილნენ და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოაძევეს შენობიდან.

უმრავლესობამ საკითხი დღის ბოლოს 27 მომხრე, 3 წინააღმდეგი, მაინც დაამტკიცა. ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე სწორედ ამ საკითხის განხილვის ამოღების მოთხოვნას მოჰყვა. 

საკრებულოში დღეს სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო, თუმცა, ფორმიანებთან ერთად შენობაში ათობით პირი იმყოფებოდა, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

კითხვაზე, რომელ უწყებას წარმოადგენდნენ, ისინი პასუხს არ სცემდნენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დღეს საკრებულოს შენობაში მმართველი პარტიის მხარდამჭერი ე.წ. ზონდერები მიიყვანეს. 

დღის ამბები