11 დეკემბერი 2017,   13:47
ვრცლად
ოპოზიცია საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე პრემიერის განცხადებას უტიფრობას უწოდებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის განცხადებას ეხმაურება. საუბარია გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ოპოზიციის რადიკალებად და პროვოკატორებად მოხსენიებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არა ქვეყნის, არამედ „ქართული ოცნების“ პრემირიმინისტრია. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი არის „ქართუს“ პრემიერი, რომელიც ზრუნავს მხოლოდ ერთი შეძლებული ადმიანის კეთილდღეობაზე.

„ბატონი კვირიკაშვილი, რომელიც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ინვესტორი და ამიტომ ვაძლევთ თბილისის ცენტრალურ სკვერს საკუთრებაში, ბუნებრივია დასკვნა არის ძალიან მარტივი, ეს ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და ეს ადმიანი გახლავთ ბიძინა ივანიშვილს კლერკი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას უტიფრობად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია. მისი თქმით, პარტიის წევრებს არ უცდიათ აქტივისტებთან ერთად საკრებულოში შესვლა.

„ჩვენ, დეპუტატები ვცდილობდით ჩვენი კანონით მონიჭებული უფლება გამოგვეყენებინა, მაგრამ პროტესტი ასეთ საკითხებზე, ხმაური საკრებულოში, ეს კი არ არის საფრთხე სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობისთვის, საფრთხე არის ის დამოკიდებულება კანონის მიმართ, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის შეფასებით კი, „ ქართული ოცნება“ შეშინებულია და როგორც ჩანს, ისინი ბიძინა ივანიშვილმა დატუქსა.

„დღეს გაკეთებული პრემიერის განცხადება ტრაგედიაა ადამიანური. თუ როგორ იძულებულია ის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გააკეთოს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ის გუშინ საკრებულოს შენობასა და მის გარეთ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციას რადიკალები და პროვოკატორები უწოდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები