26 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
პარტიების შემოწირულობები - ოპოზიცია უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს

პარტიების შემოწირულობებსა და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შუალედურ ანგარიშს ოპოზიციაში აფასებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდთან ისინი უთანასწორო პირობებში იმყოფებიან, რადგან „ქართული ოცნება“ შემოწირულობის სახით გაცილებით მეტ შემოსავალს იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ფინანსების 93% სწორედ მმართველ პარტიაზე მოდის. შუალედური ანგარიშის მიხედვით, შემომწირველები ხშირ შემთხვევაში ტენდერებში მონაწილე კომპანიები არიან.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკიდურესად უთანასწორო გარემოა შექმნილი.

„ენმ-ს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს ფინანსები ბიზნესებიდან, თუნდაც, ბანკში ჩადოს საკუთარი ოფისი, რომლის მცდელობაც, ასევე, გვქონდა ან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებიდან, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არიან, იმიტომ, რომ მუდმივად არის ზეწოლა,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, პარტიის ძირითადი შემომწირველები პარტიის წევრები არიან, ხოლო მმართველი გუნდის შემომწირველებს ბიზნესმენები წარმოადგენენ.

„ქართული ოცნების" შემომწირველები არიან ის ადამიანები, რომლებიც, ერთის მხრივ, იღებენ სახელმწიფოსგან დაკვეთებს, მათ შორის, პირდაპირი დაკვეთით და მეორე ვარიანტია, როდესაც მუშაობენ ბიძინა ივანიშვილთან და მასთან დაახლოებულ კომპანიებთან,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ვანო ნორაკიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა შემოწირულობა მთლიანად რიგითი მოქალაქეებისგან მიიღო და იურიდიულ პირს მათთვის თანხა არ გადაურიცხავს.

"ბევრი ბიზნესმენი იყო მსურველი იმისა, რომ თანხა ნამდვილად ჩაერიცხა, შემოეწირა ჩვენთვის და დაგვხმარებოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზებით, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ოპოზიციური კანდიდატისთვის შემოწირულობა შემდგომ როგორც აღიქმება ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა ვანო ნორაკიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები