26 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
თბილისის საკრებულოსა და მერიაში გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს - IDFI

თბილისის მერიაში 2016 წელს 2011-თან შედარებით პრემია-დანამატებზე 6.1 მილიონ ლარზე მეტია გაცემული - ამის შესახებ ჩატარებული კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წარადგინა. კვლევის პერიოდი 2011 წლიდან 2016 წლამდე მონაცემებს მოიცავს და ნაჩვენებია, თბილისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა რაოდენობის, შრომის ანაზღაურების, პრემია-დანამატების და მთლიანად ადმინისტრაციული ხარჯების ცვლილება.

მერიაში დასაქმებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2016 წელს დაფიქსირდა - 1278 ადამიანი, ხოლო თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალი 2013 წელს იყო - 41,05 მილიონი ლარი.

კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოში გაწეული ფინანსური ხარჯები თბილისის მერიისგან განსხვავებულია და ყველაზე დიდი დანახარჯი მუნიციპალურ ორგანოს 2014 წელს აქვს - 8,24 მილიონი ლარი.

რაც შეეხება, საკრებულოში საწვავის მოხმარების ხარჯებს 2016 წლის დანახარჯი 151 ათას 700 ლარით ნაკლები იყო 2014 წელთან შედარებით. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის პერიოდში თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

„IDFI მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემის ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და აუცილებელია, მისი შემდგომი ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები