03 მაისი 2024,   16:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი"ოცნების" წარმომადგენლებს ცემაში ადანაშაულებს

საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ირაკლი ბარძიმაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიციის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მას "ქართული ოცნების" წევრები მაშინ გაუსწორდნენ,  როდესაც ის „ქართული ოცნების“ ოფისს იღებდა. პარტიის წევრებმა მას კადრების წაშლა სთხოვეს.  

ბარძიმაძე ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზოია ბალიაშვილის შვილი გია ბალიაშვილი უკნიდან მიეპარა და დაარტყა. ამ ინციდენტს კი წინ უძღოდა მათ შორის შელაპარაკება.

„მითხრა, რომ წამეშალა რაც იყო კამერაში.  მე ვუთხარი,  რომ თქვენ ატრენინგებთ კომისიის წევრებს როგორ უნდა გამიყალბონ არჩევნები. მე ვიცი, რომ თქვენ სასტუმრო „პრესტიჟშიც“ დაატრენინგეთ და ახლა აქ განაგრძობთ  მათ დატრენინგებას. ამან გამოიწვია გაღიზიანება და როდესაც წამოვედი ჩვენი ოფისისკენ, უკნიდან მომეპარა და სუფთა არაკაცურად დამარტყა ხელი.  შემოვტრიალდი და გაიქცა. როდესაც მე მას გავეკიდე, რომ გამეჩერებინა რომელიღაცა მეორე გარეწარმა ფეხი დამიდო და მე წავიქეცი,“-განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.

მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და გიორგი ბალიაშვილს ბრალს ტყუილად სდებენ. პარტიაში ასევე ამბობენ, რომ ტყუილია ირაკლი ბარძიმაძის განცხადება თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბში კომისიის წევრები იმყოფებოდნენ  და მიმდინარეობდა მათი დატრენინგება.

„ქართული ოცნების შტაბში იმყოფებოდნენ დამკვირვებლები, რომლებიც უნდა დააკვირდნენ პროცესებს საუბნო კომისიებზე“ - განაცხადა ”ქართულ ოცნების” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ.

რაც შეეხება საოლქო კომისიას, ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ფაქტს სამართლებრივ ჩარჩოში მას შემდეგ მოაქცევს, რაც ფაქტი დადასტურდება. 

დღის ამბები