04 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
67-ე სკოლაში დაპირისპირება გრძელდება - სკოლაში განათლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან

ქიმიის პედაგოგი, დოდო კეზუა, დღეს 67-ე სკოლაში არ შეუშვეს. მასწავლებელმა, გაკვეთილების ნაცვლად, მთელი დღე ქუჩაში გაატარა. ის სკოლის დირექტორმა სამსახურიდან საგანგებო გადაწყვეტილებით გაუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბიულეტენზე იმყოფებოდა, მასწავლებელი დილით სკოლაში მაინც გამოცხადდა. ერთადერთი, ვისაც მისი გამოჩენა გაუხარდა, მოსწავლეები იყვნენ. ქიმიის მასწავლებელს დღეს მხარდამჭერი შეძახილებით შეხვდნენ.

დოდო კეზუა სკოლიდან მარიამ თავართქილაძის ბრძანებით გაუშვეს. გადაწყვეტილება დირექტორმა რამდენიმე მშობლის საჩივრის საფუძველზე მიიღო. ამბობენ, რომ ის მოსწავლეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ფაქტს თავად ქიმიის პედაგოგი კატეგორიულად უარყოფს და სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში გეგმავს. დირექტორის ბრძანებას კი დოდო კეზუა დირექტორის დარღვევებზე ხმამაღლა საუბარს უკავშირებს.

მასწავლებლის გაშვების გადაწყვეტილებას სკოლაში პროტესტი მოჰყვა. პედაგოგების ნაწილი დღეს გაკვეთილებზე არ შევიდა და დირექტორის გადადგომა მოითხოვა. მთელი დღის განმავლობაში ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. პროტესტის მონაწილე პედაგოგები ამბობენ, რომ, თუკი მარიამ თავართქილაძეს სკოლიდან არ გაუშვებენ, 67-ე სკოლას თვითონაც დატოვებენ.

დირექტორის გაშვების საკითხმა სკოლა ორ ბანაკად გაყო. სკოლის დირექტორს დღეს დამცველებიც გამოუჩნდნენ.

გადაწყვეტილება ახლა განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

დღის ამბები