03 მაისი 2024,   18:58
ვრცლად
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება

ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსი სამხედროების უკანონო ყოფნასთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დოკუმენტს მიესალმებიან, თუმცა ის უფრო ადეკვატურად უნდა ასახავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებს, რომელიც უკვე ანექსიაშია გადაზრდილი.

„დოკუმენტში მე ვფიქრობ, რომ სწორად არის ასახული ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თუმცა დოკუმენტში უფრო ადეკვატურად უნდა გაკეთებულიყო შეფასებები იმ პროცესების, რომელიც დღეს მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებში. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ დოკუმენტში აღარ ფიგურირებს აღარც ოკუპაციის სიტყვარი. საუბარი არის სამხედრო არალეგალურ განლაგებაზე რუსეთის ამ ტერიტორიებზე, მაგრამ არ არის საუბარი ოკუპაციაზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დოკუმენტს გამოეხმაურნენ „ევროპულ საქართველოშიც“. დავით ბაქრაძის განცხადებით, 2009 წლიდან მაშინდელმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ მსგავსი მექანიზმები ამოქმედდა ევროსაბჭოში. მისივე თქმით, სწორედ ამ პერიოდიდან, ყოველწლიურად ხდება გენერალური მდივნის მიერ საქართველოს კონფლიქტთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოხსენიება.

„2009 წელს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ევროსაბჭოში ამოქმედდა მსგავსი მექანიზმი და მას შემდეგ, ყოველწლიურად ხდება გენერალური მდივნის მოხსენიება საქართველოში  კონფლიქტთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ეს არის მაგალითი იმის თუ როგორ უნდა მუშაობდეს საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასეთი მექანიზმები და საერთაშორისო  ორგანიზაციები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს, როდესაც მოქმედმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანწილად შეამცირა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს თემის განხილვა და რუსეთის მხრიდან კრიტიკა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

დღის ამბები