03 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
პროკურატურამ ამირან კვირიკაშვილის საქმეზე მოკვლევა დაიწყო - ოჯახი პოლიციის თანამშრომლებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს პროკურატურა შეისწავლის. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

დღეს, საია-მ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, რომ ხარაგაულში მომხდარი ფაქტი არა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, არამედ პროკურატურამ შეისწავლოს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მათ ამირან კვირიკაშვილის საქმეზე მოკვლევა გუშინდელი დღიდან დაიწყეს.  პროკურატურის წარმომადგენელი ოჯახშიც იმყოფებოდა, თუმცა, მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაიბარეს გამოკითხვისთვის.

„მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების და მოწმეების გამოკითხვა. ასევე, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა.

კვირიკაშვილის ოჯახის წევრები დღეს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოინახულეს. ისინი პოზიტიურად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მოხდა შსს-ის გენერალური ინსპექციიდან საქმის წაღება პროკურატურაში გამოსაძიებლად თუმცა, არასამთავრობოები გამოძიების ტემპებზე მიუთითებენ. მათი თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება სწრაფად უნდა მოხდეს. ასევე, აუცილებელია, დროულად დაიკითხონ ამ ფაქტთან დაკავშირებული პირების დაკითხვა.

„თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი არის არასწორი კვალიფიკაცია და ასევე, პრობლემური გამოძიებისთვის,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.

ოჯახის წევრების მოთხოვნით, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საქმის ობიექტურად გამოძიების გამო, მნიშვნელოვანია, ხარაგაულის პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდეთ. 

დღის ამბები