04 მაისი 2024,   01:03
ვრცლად
800 ათასი ლარი ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე - საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრის შემოსავლები

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრმა ბოლო 9 თვის მიხედვით, 800 ათას ლარზე მეტი აიღო, საიდანაც ხელფასი 496 ათასი ლარი იყო, დანამატი 222 ათასზე მეტი, ხოლო პრემია 90 ათას ლარზე მეტი იყო. დოკუმენტაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ ხელფასებისა და პრემიების აღებას ოპოზიცია გამოეხმაურა. მათი შეფასებით, სახელისუფლებო გუნდი კოლოსალურ თანხას უხდის მოსამართლეებს, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში, არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ.

„400 ათასის დახარჯვა მხოლოდ პრემიებსა და დანამატებზე და ამას დამატებული ხელფასი 9 მოსამართლის შესანახად, არის ძალიან დიდი და შთამბეჭდავი თანხა. ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, ეს პროცესი დაარეგულიროს და მოაგვაროს. მათ ჯიბეში უზით საკონსტიტუციო სასამართლო. ხშირად საჭიროა მათთვის დიდი რაოდენობით თანხების გადახდა და ჩვენ გვქონია უფრო მძიმე შემთხვევები, როდესაც ბიუჯეტიდან ქრთამი მისცეს მოსამართლე ნაზღაიძეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წვერმა, ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიციის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ აღებულ დიდი ოდენობით პრემია-დანამატებს „ლეგალიზებულ ქრთამს“ უწოდებენ.

„ეს მოსამართლეები ასრულებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს, შესაბამისად, ეს კოლოსალური პრემია-დანამატები, ის ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო მათ შესანახად გასწევს, არის პოლიტიკური ერთგულებისთვის გადახდილი ერთგვარად, ლეგალიზებული ქრთამი. სახელმწიფო მათ აცხოვრებთ ფუფუნებაში, ვინაიდან მათ შესაბამის მომენტში შეასრულონ ივანიშვილის დავალებები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ დაწყებულია რეფორმა, რომელიც საჯარო სამსახურის მოხელეთა ხელფასებს, დანამატებსა და პრემიებს დაარეგულირებს, შესაბამისად, პრობლემები აღარ იარსებებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მოსამართლეებისთვის დიდი ოდენობით პრემიები გაიცემოდა.

„წლების მანძილზე, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც პოლიტიზირებულადაც კი იყო გამოხატული, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ მტკიცე პოზიცია დააფიქსირა და ჩვენ ამ სფეროს სრული რეფორმა გადავწყვიტეთ,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

დღის ამბები