04 მაისი 2024,   17:18
ვრცლად
"ხელისუფლება თანამშრომლობდა საერთაშორისო ტერორისტთან" - გომელაურის განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება

სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ შესაძლოა, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევიც იყოს, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

რატომ გაუშვა საქართველოს მთავრობამ 2012 წელს ჩატაევი ციხიდან, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხვდა დიდი რაოდენობით იარაღი თბილისში? - ოპოზიციას კონკრეტული კითხვები აქვს.

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს.

„ხელისუფლება თანამშრომლობდა საერთაშორისო ტერორისტთან, ვინაიდან ეს საერთაშორისო ტერორისტი და ამას ადასტურებს უკვე გომელაური, პრაქტიკულად აღმოჩნდა ქალაქის ცენტრში, შეიტანა დიდი რაოდენობით არსენალი, ტყვია-წამალი და ამ სპეციალური ღონისძიების მიმდინარეობის დროს დაიღუპა ჩვენი მებრძოლი, რომელიც არის ნამდვილად დიდი ტრაგედია. პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს საქართველოს ხელისუფლებამ და, ალბათ, უკვე დადასტურებულია, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად ჩატაევი. მე რამდენიმე დღეა, უკვე ვამბობ, თუ რატომ გაუშვეს ციხიდან 2012 წელს. რატომ შეწყვიტა პროკურატურამ საქმე მასზე და რატომ აღმოჩნდა იგი თავისუფლებაზე და შემდეგ ააფეთქა სტამბოლის აეროპორტი და როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი საქართველოში,“ -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გამოძიების მიმდინარეობასა და ლიკვიდირებულ პირებთან მიმართებაში კითხვები აქვს ხელისუფლებასთან ევროპულ საქართველოსაც.

გიგი წერეთელის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევიც არის, მაშინ ეს საკითხი უკვე სხვა რეგისტრში გადავა.

"როცა არ არის საკმარისი ინფორმაცია, ყოველთვის არის ძალიან ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი. მას შემდეგ, რაც დაზუსტდება და იდენტიფიცირება მოხდება ამ პიროვნებების, მათ შორის იყო თუ არა ჩატაევი, ამის შემდეგ უკვე სხვა რეგისტრშია უკვე ეს საკითხი იმიტომ, რომ  ბევრი კითხვაა - როგორ, რატომ, რისთვის იყო ეს ყველაფერი, რა საერთაშორისო კავშირები იყო, რატომ იყო ის კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ მომენტში,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.  

დღის ამბები