15 დეკემბერი 2017,   17:58
ვრცლად
ნატოს მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის და მისი პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„მე გამოვხატე ჩემი და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთან პარტნიორობა ნატოსთვის და საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული.

"საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ის კმაყოფილია იმ შეხვედრით, რომელიც იენს სტოლტენბერგთან ჰქონდა.

„გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა წინ უძღოდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მას ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

​ 

დღის ამბები