26 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
მორიგი ტესტი უკრაინისთვის - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას დილიდან აფასებენ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ევროპელი დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ უკრაინის ხელისუფლება კანონის ჩარჩოებს არ გასცდება და აცხადებენ, რომ კორუფცია უკრაინის მთავარი მტერია, რუსეთთან ერთად.

მათი თქმით, ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლაში ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა კორუფციასთან ბრძოლა, უნდა გამოვყოთ ეს სფერო, როგორც მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. რუსეთის აგრესიის გარდა, კორუფცია უკრაინისთვის ნომერ პირველი მტერია,“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ ეს არის უკრაინის შიდა საკითხები.

„რაც შეეხება სააკაშვილს, ეს უკრაინის შიდა საქმეა და ველით, რომ კანონიერების ფარგლებში მოგვარდება. ასევე იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა სრულყოფილად იმუშავებს და დაცული იქნება კანონის უზენაესობა, ეს არის მორიგი ტესტი და იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამ გამოცდას ჩააბარებს,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს იმედი აქვთ კანონის უზენაესობის და ასევე, ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას.

„ესტონეთი, ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, ერთგულები ვართ კიევთან თანამშრომლობის მიმართ, რომ მოგვარდეს შიდა პრობლემები და გაგრძელდეს რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიქსერმა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბრიუსელში დღეს შეიკრიბნენ, საბჭო ცოტა ხანში დაიწყება. 

დღის ამბები