12 დეკემბერი 2018,   08:14
ვრცლად
გაჩეჩილაძე პრემიერთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს და სასამართლოში საქმის დაწყებას ელოდება

გიორგი გაჩეჩილაძისა და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პრემიერის ყოფილი მეგობარი მთავრობის მეთაურთან პირად მიმოწერას, პირდაპირ ეთერში ასაჯაროებს. კონფლიქტში საჯაროდ ერთვება გაჩეჩილაძის სიძე, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორიც.

გიორგი შარაშიძე მთავრობის მეთაურს სასამართლოსა და სახელმწიფო უწყებებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ თუ კვირიკაშვილი დოკუმენტებს წაიკითხავს, აზრს შეიცვლის და თავადაც დარწმუნდება, რომ მთავრობაში კარტელური გარიგებები ხდება და სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ლობირების სანაცვლოდ, სხვა ბიზნესმენები იდევნებიან.

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლო "უცნობის", გია გაჩეჩილაძის ოჯახის კომპანიისა და ჯანდაცვის სამინისტროს დავის განხილვას დაიწყებს. საქმე ეხება სასწრაფო დახმარების მანქანებზე გამოცხადებულ ტენდერს, სადაც „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მისცეს და მანქანები უფრო ძვირად, მისი კონკურენტისგან იყიდეს.

სასამართლოს გარდა, მთვარობაში უკანონო გარიგებების შესახებ საქმეების შესწავლას იწყებს კონკურენციის სააგენტო. ნოდარ ხადურის უწყებამ ერთ თვეში უნდა დადოს დასკვნა, ხდება თუ არა სპორტის მინისტრის კომპანიების ლობირება და სხვა ავტო იმპორტიორების ჩაგვრა.

სავარაუდოდ, ამაზე იქნება დამოკიდებული დაინტერესდება თუ არა კარტელის შესახებ გაჩეჩილაძეების ოჯახის ხმაურიანი ბრალდებებით პროკურატურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები