26 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
2 ტენდერი და დახარჯული მილიონი ლარი - ზემო მაჩხაანის მოსახლეობა ისევ სასმელი წყლის გარეშეა

ზემო მაჩხაანის მოსახლეობა სასმელ წყალს რამდენიმე წელია ითხოვს. სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა ის სასმელად უვარგისია და იძულებული არიან სასმელი წყალი ყოველდღიურად იყიდონ.

სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი ტენდერი ჩატარდა, დაიხარჯა დაახლოებით მილიონი ლარი. ერთმა კონტრაქტორმა თანხა აითვისა, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა. მეორე კომპანიამ, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ყველა პირობა შეასრულა, მაგრამ წყალმომარაგება კი კვლავ გაუმართავია. დედოფლისწყაროს საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით სამუშაოებზე მილიონ ლარამდეა დახარჯული, ძველი წყალშემკრები რეზერვუარი კი საიდანაც მოსახლეობა წყალს იღებს, ისევ დაზიანებული და შესაკეთებელი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ახლა დამატებით 250 ათას ლარს ითხოვს რეზერვუარის შესაკეთებლად. მოუწესრიგებელი წყალმომარაგების მიუხედავად აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება გაუმჯობესებულია.

დედოფლისწყაროს მერის განცხადებით სწორედ წყალშემკრები ავზის შეკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ წყალი ყველა მოსახლემ მიიღოს. მუნიციპალიტეტი თანხას ავზის შესაკეთებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან ელოდება. მანამდე კი ზემო მაჩხაანელებს ისევ მოუწევთ ყოველდღიურად სასმელი წყლის ყიდვა, ან მღვრიე წყლის დალევა.

ავტორი: ია გულიაშვილი, ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები